სანდრა ელისაბედ რულოვსი

დამფუძნებელი/რადიოწამყვანი

საქართველოს პირველი ლედი დაიბადა 1968 წლის 23 დეკემბერს ტერნეუზენში, ჰოლანდიაში. 1991 წელს წარჩინებით დაამთავრა ბრიუსელის თარჯიმანთა და მთარგმნელთა სახელმწიფო ეკონომიკური ინსტიტუტი ფრანგული და გერმანული ენების სპეციალობით. 1996 წელიდან ის საქართველოში წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტში საზოგადოებასთან ურთიერთობის კონსულტანტად და ნიდერლანდების სამეფოს საპატიო კონსულის თანაშემწედ მუშაობდა. 1997-2004 წლებში კი იყო ჰოლანდიური რადიოს კორესპონდენტი, რომელიც საქართველოს პოლიტიკურ და სოციალ-ეკონომიკურ საკითხებზე გადაცემებს ამზადებდა. 1998 წელს დააფუძნა საქველმოქმედო ფონდი SOCO, რომელიც საზოგადოების ყველაზე დაუცველი ფენების დასახმარებლად დასავლეთ ევროპული და ქართული კომპანიებისა თუ კერძო პირების მიერ დაფინანსებული პროექტების განხორციელებაზე მუშაობს.

1999-2003 წლებში სანდრა ელისაბედ რულოვსი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რომანული ენების კათედრაზე ლექციათა კურსს კითხულობდა, 2003-2007 წლებში კი კავკასიის ბიზნეს სკოლის სტუდენტებს ფრანგულ ენას ასწავლიდა. მშობლიური ენის გარდა, სანდრა ელისაბედ რულოვსი ფლობს ფრანგულს, ინგლისურს, გერმანულს, რუსულს, ქართულს, სწავლობს მეგრულსა და პოლონურს. 2004 წლის ოქტომბრიდან სანდრა ელისაბედ რულოვსი თავმჯდომარეობს ქვეყნის საკოორდინაციო საბჭოს, რომელიც საქართველოში შიდსის, ტუბერკულოზისა და მალარიის წინააღმდეგ გლობალურიფონდის მიერ დაფინანსებულ პროექტებს ახორციელებს. ამავე დროს, ის აღმოსავლეთ ევროპაში გლობალური თანამშრომლობის “შევაჩეროთ ტუბერკულოზი” ელჩია.