პროგრამების მენეჯერი/რადიოწამყვანი/პროდიუსერი
პიანისტი, მუსიკისმცოდნე, ხელოვნებათმცოდნეობის მეცნიერებათა დოქტორი. წარჩინებით დაამთავრა თბილისის ვ. სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია და გაიარა ასისტენტურა-სტაჟირების კურსი. 2000 წელს DAAD-ს სტიპენდიატის რანგში გაემგზავრა გერმანიაში დიუსელდორფის რ. შუმანის სახელობის კონსერვატორიაში სასწავლებლად. ევროპაში ხუთწლიანი მოღვაწეობისას განსაკუთრებით დაინტერესდა თანამედროვე მუსიკით, რასაც მოყვა გამარჯვება ორლეანის XX საუკუნის საფორტეპიანო მუსიკის საერთაშორისო კონკურსზე და მონაწილეობა თანამედროვე მუსიკისადმი მიძღვნილ ფესტივალებში, კურსებსა თუ სიმპოზიუმებში გერმანიაში, საფრანგეთში, ბელგიაში, უკრაინაში, აზერბაიჯანში, აშშ-სა და არგენტინაში. გერმანიაში სწავლისას სხვადასხვა დროს მოიპოვა ალფრედ თოპფერის, ჰაინრიჰ ბიოლისა და Ensemble Modern–ის საერთაშორისო აკადემიის სტიპენდიები. თანამედროვე მუსიკისადმი ინტერესმა განაპირობა მისი სამეცნიერო მოღვაწეობაც.
2005 წელს დაბრუნდა საქართველოში და დაიცვა სადოქტორო დისერტაცია მიძღვნილი თანამედროვე გერმანელი კომპზიტორის, კარლჰაინც შტოკჰაუზენის საფორტეპიანო შემოქმედებისადმი. არის რამდენიმე სამეცნიერო ნაშრომის ავტორი, მათ შორის აღსანიშნავია მონოგრაფია “თანამედროვე საფორტეპიანო შემსრულებლობა ზოგადკულტურულ კონტექსტში”, რომელიც ახალი საფორტეპიანო მუსიკის საკითხებთან ერთად XX საუკუნის კულტურაში მიმდინარე პროცესებს იკვლევს. ამჟამად თბილისის კონსერვატორიის კლავიშიანი საკრავების ფაკულტეტის ასისტენტ-პროფესორი, აგრძელებს თავის საკონცერტო და სამეცნიერო მოღვაწეობას როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ. 2011 წლიდან ნინო ჟვანია რადიო “მუზას” პროგრამების მენეჯერია. ამასთანვე, მას მიჰყავს გადაცემები ვარიაციები თემაზე… და ხმა ევროპიდან.